საზოგადოება
06/07/2020

თბილისიდან ონამდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება

თბილისიდან ონამდე მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 4,5 საათი დასჭირდება 6 საათის ნაცვლად.

მგზავრობის დროის ხანგრძლივობა მას შემდეგ შემცირდება რაც ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. გზა  საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი. საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი.

გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. 

ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხორციელდება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველი ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დარსულებულია. დარჩენილ მე-7 ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილა 2021 წლისთვის.

საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. 

პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება  105 მლნ ლარია და მისი დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.

Businesspartner