TBC Capital: ტურიზმის აღდგენა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, გაძლიერდა კიდეც
TBC Capital-ის მთვარი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი მაჩვენებლები შედარებითი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
განახლებული ანგარიშის მიხედვით, მარტში ექსპორტისა და იმპორტის ზრდა TBC Capital-ის მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მაინც ძლიერი იყო, განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით, მაშინ, როდესაც იმპორტზე, სავარაუდოდ შიდა მოთხოვნის შემცირებამ მოსალოდნელზე მეტად იმოქმედა.
ტურიზმის აღდგენა კი, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, გაძლიერდა კიდეც. გზავნილების მხრივ, მარტში დაფიქსირებული მდგრადობის შემდეგ, აპრილში მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციასაც კი ჰქონდა ადგილი.
მთლიანობაში, მიმდინარე ანგარიშის ძირითადი კომპონენტების გაუმჯობესება იკვეთება, რაც 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარს წარმოადგენს.
უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოსა და რეგიონის სხვა ეკონომიკების კუთხით სენტიმენტების გაუმჯობესება გრძელდება.
საინვესტიციო ბანკის აზრით მაშინ, როდესაც უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის სუვერენული რისკ პრემია გაიზარდა, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების შემთხვევაში ნორმალიზების ტენდენცია გრძელდება. როგორც ჩანს, ეს საომარი მოქმედებების დაწყების პერიოდთან შედარებით, ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის მხრივ უფრო ზომიერი შეფასებების შედეგია.