თამბაქოს მოხმარებაზე ახალი შეზღუდვები წესდება - რა ცვლილებები ამოქმედდება იანვრიდან
2022 წლის იანვრიდან თამბაქოს მოხმარებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
ცვლილება შესულია "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალს, სადაც მოწევა აკრძალულია, ემატება ტაქსი. მოწევის შემთხვევაში მგზავრი 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მძღოლი, მოწევის აღუკვეთლობის შემთხვევაში, 200 ლარით.
მოწევა იკრძალება მსუბუქ კერძო ავტომობილში არასრუწლოვანის თანდასწრებით. ამ შემთხვევაში 50 ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.
სანაოსნო საშუალებებს, სადაც მოწევა აკრძალულია, დაემატება კატერი.
ადმინისტრაციული სასჯელი გამკაცრდა სკოლებიდან და ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს გაყიდვაზე, და დაწესდა 500 ლარიანი ჯარიმა.
სიგარეტის პრომო აქციისთვის სავაჭრო ობიექტებიც დაჯარიმდებიან. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის მიზნით ფართის დათმობის შემთხვევაში ობიექტები 1 000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.
ინტერნეტ მედიაში თამბაქოს ნაწარმის ან კომპანიის რეკლამისათვის, დამკვეთისა და გამავრცელებლისათვის 5 000 ლარიანი ჯარიმა წესდება, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარი იქნება.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება ბრენდის გაფართოებისთვის, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე ისეთი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსებისთვის, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას იქცევს. ჯარიმა 5 000 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარი.
2022 წლის ბოლოს კი, ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი. კოლოფზე დატანილი იქნება ბრენდების სახელები სტანდარტული შრიფტით და ქვესახეობები, რათა როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეს.