თამარ გაბუნია: ვაქცინის 2 დოზა გართულებებისგან იცავს, ბუსტერი ინფიცირებისგან დაცვას ზრდის
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 15 762 შემთხვევა დადასტურდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ყოველდღიურად შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა. მობილიზებული საწოლფონდის 45% თავისუფალია.
რაც შეეხება ბავშვების ინფიცირებას, თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი მიმდინარეობისაა და მათ ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა, თუმცა გააქტიურება საჭიროა.
"ომიკრონის" ფონზე, დამატებითი კვლევები და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ადასტურებს, რომ ვაქცინაციის 2 დოზა ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისგან იცავს, თუმცა ბუსტერდოზა მნიშვნელოვნად ზრდის დამცველობით ეფექტს ინფიცირების თვალსაზრისით, ასევე ჰოსპიტალიზაციისა და გავრცელების თავიდან აცილების კუთხით", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.