თამარ გაბუნია: წამლების რეგულაციამ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია უნდა შექმნას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ფარმაცევტული სექტორის რეგულირების კუთხით ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ერთეულ ინტერვენციას შედეგი არ ექნება.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
"ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა იმ პროცესის, რომელიც უკავშირდება ფარმაცევტული სექტორის რეგულაციებს და ასევე წამალზე ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს ამ მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი გასული წლის განმავლობაში მუშაობდა კანონმდებლობის პროექტზე. რადგან ამ შემთხვევაში საქმე იმდენად კომპლექსურ ცვლილებებს ეხება, ერთეული ინტერვენცია შედეგს არ მოიტანს. მნიშვნელოვანია, მოხდეს ძირეული ცვლილება და შესაბამისობა ჩვენი კანონმდებლობის ევროკანონმდებლობასთან, ფარმაცევტული სექტორის რეგულირების კუთხით. ამ მიმართულებით ტექნიკური სამუშაო დაწყებულია, მოკლე ხანში იგეგმება ასევე შეხვედრები მსოფლიო ბანკის კონსულტანტების მონაწილეობით, ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვმონაწილეობთ კონკურენციის სააგენტოსთან და სხვა აქტორებთან ერთად. ვფიქრობ, რეალურად შედეგი გამოჩნდება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი განცხადებით, რეგულაციის გარეშე რთული იქნება, მოსახლეობას სტაბილურად ჰქონდეს იმ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც მათთვის აუცილებელია. ამასთან ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია უნდა შენარჩუნდეს.
"მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობები მკაფიოდ იყოს გამიჯნული და მარეგულირებელი ბერკეტები იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ჯანსაღი და გამჭვირვალე კონკურენციის პირობები შენარჩუნებული იყოს ბაზარზე. ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს ექიმის დონეზე, სამედიცინო დაწესებულების, თუ ფარმაცევტული კომპანიის დონეზე, სხვადასხვა სახის რეგულაციები უნდა მოქმედებდეს, დაწყებული გაიდლაინებიდან, რაციონალური წამალდანიშვნიდან, დასრულებული საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომელიც დაიწყებს საუბარს კონკრეტულად ფასების რეგულაციაზე. რამდენად ხდება ამ რისკების დაბალანსება, როდესაც შეიძლება მკაფიოდ არ იყოს გამიჯნული სამართლებრივად მესაკუთრის, მწარმოებლის, მოხმარებლის ინტერესები - რა თქმა უნდა ეს რისკები არსებობს. სწორედ ამისთვისაა საჭირო კომპლექსური მუშაობა, რომ ამ რისკებისგან თავი დავიცვათ",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.