თამარ გაბუნია: Sinopharm-ს გვერდითი მოვლენების დაბალი მაჩვენებელი აქვს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინას, სხვა ვაქცინებთან შედარებით გვერდითი მოვლენების დაბალი მაჩვენებელი აქვს.
რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალგაზრდა ჯგუფში “სინოფარმის“ ეფექტურობაზე უფრო მეტი მონაცემია, ვიდრე 60 წლის ზემოთ.
“აქედან გამომდინარე, შესაძლოა 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს უფრო მიენიჭოს უპირატესობა, “ასტრაზენეკასგან“ განსხვავებით, რომელსაც 55 წლის ზემოთ ვიყენებთ. ამ ყველაფერზე ტექიკური ჯგუფი მომდევნო კვირას იმსჯელებს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, კორონავირუსის გადადების თავიდან აცილების კუთხით, “სინოფარმის“ ეფექტურობა 78%-ია, რაც შეეხება მძიმე შემთხვევების განვითარების და გარდაცვალების რისკების თავიდან აცილებას, ეფექტურობა ბევრად მაღალია“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო ჩინური წარმოების “სინოვაკის“ ვაქცინასაც მიიღებს საჩუქრად, თუმცა მისი გამოყენება არ მოხდება ჯანმოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების ან მკაცრი მარეგულირებლის აღიარების გარეშე.
ინფორმაციისთვის, საქართველოში “სინოფარმის“ გამოყენება მაისში დაიწყება. რეგისტრაცია კი, 27 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.