თამარ გაბუნია: საზოგადოებას მალე გავაცნობთ, როდის იქნება ხელმისაწვდომი კოვიდის მედიკამენტი
კორონავირუსის მედიკამენტს ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ ავტორიზაცია მიანიჭა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, როდის გახდება ეს მედიკამენტი მათთვის ხელმისაწვდომი.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მედიკამენტის ხარჯებს, ვაქცინის მსგავსად, სახელმწიფო დაფარავს. მისი გამოყენება კი, შესაძლებელი იქნება იმ პირებისთვის, ვისაც პროგნოზულად მაღალი რისკი აქვს.
"მედიკამენტის გამოყენება მოხდება ბინის პირბებში, რადგან მას არ სჭირდება განსაკუთრებული ზედამხედველობა მოხმარების პროცესში. რეკომენდაციაა რა თქმა უნდა უმჯობესია, პროგნოზულად მაღალი რისკი ვისაც აქვს, იმ პირებში მოხდეს მედიკამენტის გამოყენება. ძალიან იმედმომცემია შედეგები, რომელსაც მედიკამენტი კვლევების შედეგად უჩვენებს ჰოსპიტალიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ამას თან ახლავს გართულებების და ლეტალობის შემცირება.
ყველაფერი, რა დანახარჯიც უკავშირდება კოვიდს, ეს არის დაფარული სახელმწიფოს ხარჯებით. როგორც ვაქცინის ხელმისაწვდომობა ჯერჯერობით არ ხდება კომერციულ საფუძველზე, ასევე კოვიდის მედიკამენტების დაფარვა სრულად ხდება სახელმწიფოს მიერ",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინის მნიშვნელობას.
"ვაქცინას ვერცერთი მედიკამენტი ვერ ცვლის. ვაქცინა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ პირები ინფექციის გადაცემისგან, გართულებებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდაცვალების შემთხვევებისგან. მედიკამენტი ვერ ჩაანაცვლებს ვაქცინას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.