თამარ გაბუნია: პიკურ ფაზაში ვართ
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 24 616 შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა პიკურ ფაზაშია, თუმცა შემთხვევების დიდი ნაწილი ხასიათდება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით, რაც ბინაზე მართვას ექვემდებარება.
მისი ინფორმაციით, ოჯახის ექიმები 153 ონლაინ კლინიკაში მართავენ კოვიდინფიცირებულებს ბინაზე.
"პიკის ფაზაში ვართ. შევხედოთ, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პიკი და როდის გვექნება იმის სურათი, რომ დაიწყოს ინფექციამ უკან დახევა. მომდევნო რამდენიმე დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ დაკვირვების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა დღეს პიკურ მაჩვენებელზე დაბალია, საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი, ასე, რომ ჩვენ ორივეს ერთად უნდა დავაკვირდეთ. მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ მტკიცებულებას, იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით მიდის ეპიდემია, როდიდან უნდა ველოდოთ უკან დახევას და ინფექციის შემთხვევების შემცირებას", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას.
"ვაქცინაცია რჩება მთავარ ინსტრუმენტად, იმისთვის, რომ მოხდეს გავრცელების პრევენცია. გრძელდება წახალისების პროგრამა 50 წლის ზემოთ პირებისთვის, როგორც ბუსტერდოზაზე, ასევე პირველად აცრებზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
50 წლის ზემოთ პირები, პირველი დოზით ვაქცინაციის შემდეგ 200 ლარიან დახმარებას იღებენ, ბუსტერდოზაზე კი, 100 ლარს.