საზოგადოება
22/02/2022

თამარ გაბუნია: "ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12101 შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ "ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია. 

მისი ინფორმაციით, კლინიკურ სექტორში 8000-ზემეტი საწოლია მობილიზებული. დღევანდელი მონაცემებით, 5164 პაციენტი მკურნალობს. 1200-ზე მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 289 - რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის თავისუფალია საწოლფონდის 36%-მდე. 

"დადებითობის მაჩვენებელი შედარებით იკლებს, რაც იმედის მომცემია. შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამსიად დაიგეგმება უკვე ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესიც, რა თქმა უნდა ეტაპობრივად, ისე, რომ ყველას ჰქონდეს ჰოსპიტალში მკურნალობის შესაძლებლობა, ვისაც ეს სჭირდება. სრულად მობილიზებული რჩება პირველადი ჯანდაცვის ქსელი. 193 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება მონაწილეობს უკვე ბინაზე კონსულტაციების მოდელში, რაც არის იმის გარანტია, რომ ყველა მოქალაქე, ვინც ბინაზე რჩება და მკურნალობს, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და ჰქონდეს სწრაფ რეაგირება მის სიმპტომებზე",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის თქმით, გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა, თუმცა შედარებით ნაკლები ტემპით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისევ, ვაქცინაციის წახალისება. 

შეგახსენებთ, 50 წლის ზემოთ ასაკის პირები, ვაქცინაციის პირველი დოზის შემდეგ 200 ლარს მიიღებენ, ბუსტერდოზის შემთხვევაში კი, 100 ლარს. 

Businesspartner