თამარ გაბუნია "მწვანე საშვის" მეტ საჯარო სივრცეში გამოყენებას ემხრობა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ "ომიკრონის" მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, "მწვანე საშვი" რაც უფრო მეტ საჯარო სივრცეში გამოიყენება, უკეთესია.
"დღეიდან "მწვანე საშვის" გამოყენება უკვე სავალდებულოა სამასპინძლო სივრცეში, გასართობ დაწესებულებებში, თეატრებში, კინოებში, მუზეუმებში, ასევე სავარჯიშო დარბაზებში. რაც შეეხება შემდეგ სეგმენტს, სად უნდა გაფართოვდეს და როგორ უნდა გამოვიყენოთ კიდევ მეტად ეფექტურად "მწვანე საშვი", ამაზე დამატებით რეკომენდაციებს რა თქმა უნდა მივიღებთ ექსპერტებისგანაც. ეს მიმდინარე პროცესია და დამატებით ვიმსჯელებთ. მაგრამ დღეს მთავარია, იქ, სადაც სავალდებულოა "მწვანე საშვის" გამოყენება, ზედმიწევნით, ზუსტად და კარგად მოხდეს აღსრულება და არ გვქონდეს დარღვევის შემთხვევები", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში უნდა მიენიჭოს თუ არა პირს მწვანე სტატუსი მუდმივად, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს თავიდანვე დავის საგანი იყო.
თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ ახალი შტამის საფრთხეებიდან გამომდინარე და ექსპერტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ეს საკითხი გადაიხედება.
"ვფიქრობ, ეს საკითხი განხილვას დაუბრინდება და მივიღებთ ალტერნატიულ გადაწყვეტილებას. ევროპის ქვეყნებშიც მწვანე საშვის მოთხოვნა ექვემდებარება ძალიან სწრაფად ცვლილებას. ბევრმა ქვეყანამ გაამკაცრა მწვანე საშვის მოთხოვნები გასულ კვირას"ომიკრონის" რისკებიდან გამომდინარე", -აღნიშნა თამარ გაბუნიამ.