საზოგადოება
28/09/2021

თამარ გაბუნია: მეხუთე ტალღის ასაცილებლად ვაქცინაციის ტემპი უნდა გავზარდოთ 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დაბალი არ არის. 

ამასთან, მისი თქმით, შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. 

"ბოლო პერიოდში შედარებით სტაბილიზაცია აღინიშნება, თუმცა შემთხვევების რაოდენობა მაინც რჩება 1500-დან 2000-მდე შუალედში. საყურადღებოა გარდაცვალების მაჩვენებელი და იმ პაციენტების მდგომარეობა, რომელიც იტარებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებებში.

განსაკუთრებით საყურადღებოა მიმდინარე პერიოდში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. ბოლო 1 კვირაა დღის განმავლობაში დაახლოებით 11 000 აცრა ტარდება, უპირატესად ეს არის მეორე დოზებზე აცრები. პირველ დოზებზე მოსულ პირთა რაოდენობა იკლებს. მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რათა სწრაფად გავიაროთ ამ ტალღის დარჩენილი პერიოდი, ასევე თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მეხუთე ტალღა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.