თამარ გაბუნია: ე.წ მწვანე საშვებზე ექსპერტებთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს
ე.წ. მწვანე საშვებზე ექსპერტებთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, როდის გამოიყენებენ მას ფართოდ ქვეყანაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მწვანე საშვების ფართოდ გამოყენებას სჭირდება, როგორც ტექნიკური დამუშავება, ისე აღსრულების ნაწილის საფუძვლიანი ანალიზი.
"მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირი იყოს ან ვაქცინირებული, ან ჰქონდეს "პისიარ" ცნობა, ან გადატანილი ინფექცია, დღესაც მთელ რიგ სივრცეებშია დაწესებული, მათ შორის კონფერენციებზე, ტრენინგებზე დასასწრებად, ასევე სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. რაც შეეხება მის ფართოდ გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა ექსპერტებთან ერთად. ამ ნაწილს სჭირდება როგორც ტექნიკური დამუშავება, ასევე აღსრულების ნაწილის საფუძვლიანი ანალიზი, რადგან არ გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები უკმაყოფილების სახით. ამდენად როდესაც ყველა რისკი იქნება გადაზღვეული და ჩვენ ვიქნებით მზად, აქტიურად ვისაუბროთ ამ ტიპის რეგულაციაზე, რაც ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა, რა თქმა უნდა ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ვაქცინაციის სავალდებულოობის საკითხს, მინისტრის თქმით, მედიცინაში ამ ტერმინის გამოყენება არაეთიკურია.
"სავალდებულო არცერთ სამედიცინო ინტერვენციასთან მიმართებაში არ არის ლეგიტიმური ტერმინი. ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, აიცრას, ან გაიკეთოს "პისიარ" ტესტი, ეს არის სწორი და დაბალანსებული მიდგომა, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.