თამარ გაბუნია: ექიმი თუ არ აიცრება, რთულია მოსახლეობა ვაქცინის სიკეთეში დაარწმუნო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობა კოვიდვაქცინის სიკეთეში რომ დარმწუნდეს, პირველ რიგში ამის მაგალითი მათ სამედიცინო პერსონალმა უნდა მისცეს.
“საინფორმაციო კამპანია ნელა იკრებს ძალას. ის დავიწყეთ მას შემდეგ, რაც რეალურად ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა. ამის განმარტება გახლდათ ის, რომ პირველი ჯგუფი ვაქცინაციისთვის იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც რეალურად აქვს საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ. მათ უკვე იცოდნენ, რა ვაქცინას შესთავაზებდა მათ პროგრამა. როდესაც ვსაუბრობთ უკვე ასაკოვანი ჯგუფების ჩართვაზე და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია მეტად აქტიური უნდა იყოს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა რომ აქვს, გასაკვირი არ არის. სწორედ ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება.
“ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ანტივაქსერები, ან უნდობლობით განწყობილი პირები, რომლებიც დღეს არ ენდობიან ვაქცინას, დარწმუნდნენ ვაცინის ეფექტურობაში. ყველაზე ეფექტრუია მაინც მაგალითი და ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ამ ვაქცინაციასთან მიმართბაში. ახლა მოგვიწევს დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს. ეს იქნება ასევე სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი თუ არ იცრება და არ ენდობა ვაქცინაციას, ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ უნდა აიცრან და ვაქცინაცია იქნება მათთვის სასიკეთო“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს ჩამოვიდა, ვაქცინაცია კი, 15 მარტიდან დაიწყო. მიმდინარე კვირაში საქართველოში “ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა იგეგმება.