საზოგადოება
07/10/2021

თამარ გაბუნია: დიაბეტიანი ბავშვებისთვის გლუკომეტრები შერჩეულია, ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დიაბეტიანი ბავშვებისთვის შერჩეულია ის აპარატურა, რომელიც გლუკოზის დონის მონიტორინგს იძლევა. საუბარია უკონტაქტო გლუკომეტრებზე. ამჟამად, ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა, თანხების გამოყოფის მიზნით. 

"დიაბეტიანი ბავშვებისთვის იმ აპარატის შესაძენად, რომელიც იძლევა მიმდინარე პერიოდში გლუკოზის დონის მონიტორინგს, ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია მუშაობს, დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციასთან ერთად. პრაქტიკულად შერჩეულია ის აპარატურა, რომლის შესყიდვაც უნდა მოხდეს. ვაგრძელებთ მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან, იმისთვის, რომ მოხდეს დამატებით ამ რესურსის მობილიზება. ეს არ არის ისეთი დიდი თანხა, რომ მისი მობილიზება შეუძლებელი იყოს. ვფიქრობ, აუცილებლად მოხდება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რათა ბავშვებმა მიიღონ შესაფერისი ხარისხის სერვისი მომავალ წელს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.