თამარ გაბუნია: ბიზნესმა ვაქცინაციის საკითხი უფრო მეტად უნდა წამოწიოს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ბიზნეს სექტორს მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესში უფრო მეტად ჩაერთოს.
"მნიშვნელოვანია, ბიზნეს სექტორმა ვაქცინაციის საკითხი კიდევ უფრო მეტად წამოწიოს წინ. ჩვენის მხრივ მზად ვართ, ბიზნეს სექტორს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ვაქცინაციის პროცესი მათთვის წარიმართოს მარტივად. ადგილზე მივიდეთ, დრო შევურჩიოთ, ეს კეთდებოდა და ამაზე ბიზნესის მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება იყო, მაგრამ ესეც ძალიან მინელდა ბოლო დროს",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება მწვანე საშვს, მისი თქმით, ეს მისაღები უნდა იყოს როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აღსრულების პროცესში სერიოზული ხარვეზებია მოსალოდნელი.
"ჯერ კიდევ გვაქვს რესურსი, დაახლოებით 30% არავაქცინირებული პირები დაექვემდებარებიან პოზიტიურ ზეგავლენას და ბიზნეს გარემოში გარკვეულ წახალისებას, იმისთვის, რომ აიცრას. შემდეგ უკვე ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ მწვანე საშვის მექანიზმთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.