სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში ახალგაზრდული ბანაკები მოეწყობა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზდობის სამინისტროს 10 წლიანი გეგმის ფარგლებში სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 4 ახალი ახალგაზრდული ბანაკი მოეწყობა.
მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, განახლდება შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკებიც.
"მხოლოდ სკოლა და უნივერსიტეტი ვერ მოგვცემს იმას, რაც ახალგაზრდას სრულფასოვანი განვითარებისთვის სჭირდება. ვფიქრობთ, უნდა განვითარდეს ახალგაზრდული ცენტრები და სახელოვნებო დაწესებულებები, და რა თქმა უნდა ახალგაზრდული ბანაკები. ჩვენ გვინდა 4 ახალი ახალგაზრდული ბანაკი იყოს სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში, საუბარია სრულიად ახალ ბანაკებზე, რაც მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს. განვაახლოთ შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკები“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი განცხადებით, 10 წლიანი გეგმის თანახმად, ახალგაზრდული ბანაკები ყოველწლიურად 15 000 მონაწილეს უმასპინძლებს.
"ბანაკები არ იქნება მხოლოდ დასვენება და გართობა. რა თქმა უნდა ეს არის ბანაკების მთავარი დანიშნულება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბანაკები, როგორც კონცეფცია და საგანმანათლებლო, სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების სივრცე - იქნება ეს ოკუპაცია, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს იმედი, რომ 2030 წელს ისეთი ახალგაზრდული ბანაკები გვექნება, სადაც ოკუპაცია იქნება უკვე წარსული. მაგრამ არის სხვა სახელმწიფო თემებიც, იქნება ეს თუ საიდან მოვდივართ, სად მივდივართ, რა არის ჩვენი კულტურული იდენტობა, რა საქართველო გვინდა შევქმნათ, რა არის სტამბულის კონვენცია, რატომ არის აკრძალული ძალადობა ქალზე, შშმ პირზე და სხვა. რაც მთავარია, ევროპული ინტეგრაცია, რატომ არის საქართველოსა და ქართველებისთვის ბუნებრივი ადგილი ევროპაში და არა სხვაგან. ამ ყველაფერზე საუბრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობებს ახალგაზრდული ბანაკები რა თქმა უნდა იძლევა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.