საზოგადოება
16/12/2021

სუბსიდირებული იპოთეკური სესხით 900-მდე ოჯახმა ისარგებლა

იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამით, რომელიც წელს ამოქმედდა, 900-მდე ოჯახმა ისარგებლა. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს სტატისტიკა ყოველდღე იზრდება. სესხის სუბსიდირებით სარგებლობენ მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, ვისაც ახალშობილი ეყოლათ. 

"სესხის სუბსიდირების შედეგად თითოეულმა ოჯახმა შეძლო, საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, ამ პროგრამით, მთავრობა დაეხმარა აგრეთვე მშენებლებს. 

"ეს დიდი დახმარებაა მშენებლებისთვის, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან ფინანსურ კრიზისს. პანდემიის შედეგად დარტყმა მოდის როგორც ტურიზმზე, ასევე მშენებლობაზე", -განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

შეგახსენებთ, პროგრამა 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. მისი მიზანი უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირება და მრავალშვილიანი ოჯახების (ან ახალშეძენილი შვილები) მხარდაჭერას გულისხმობს.

პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:

• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

• სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

• სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში, 1-ლი სექტემბრიდან. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

პროგრამა ერთჯერადია.