სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა უკვე შემუშავებულია. მომავალ კვირას კი, მისი პრეზენტაცია გაიმართება.
"ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისების მიზნით, 2022 წელს ბევრი ინიციატივის განხორციელება იგეგმება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უფრო მეტად შევძლოთ მოსახლეობის დასაქმება, რომელიც არის სიღარიბის დაძლევის გზა. 2021 წლის ბოლოს საზოგადოებასთან გვქონდა კომუნიკაცია, როდესაც ვსაუბრობდით ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებში ათეულობით ათას დამატებით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ და დამატებითი შემოსავლები მიიღონ. პროგრამა უკვე დასრულებულია და პრეზენტაცია მომდევნო კვირაში შედგება. დასაქმების სტიმულირებისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ბიძგი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.