საზოგადოება
20/09/2021

სითი ინსტიტუტი: ბათუმისთვის გენგეგმა გამოსავალია, რომ შეცდომები აღარ განმეორდეს

ბათუმში, შესაძლოა მშენებლობის ნებართვების გაცემაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდეს. ამის მიზეზი ქალაქის განშენიანების გენერალური გეგმის სამუშაოების კვლევითი ეტაპის მიმდინარეობაა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ გენგეგმის ავტორი „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, მამუკა სალუქვაძე განმარტავს, სწორედ კვლევების პერიოდში უნდა გამოვლინდეს, ხომ არ არის გაცემული ნებართვები ისეთ მშენებლობებზე, რომელიც კანონთან შეუსაბამოა.

„რაც უკვე გაფუჭებულია და შეუსაბამო, ვეცდებით გარემო გამოვასწოროთ ისე, რომ ეს შეუსაბამობა მეტნაკლებად გადავფაროთ. თუმცა ახლა იმის შესწავლა მიმდინარეობს, რაც დაგეგმილია. პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ შეცდომები. შესაძლოა, საწყის ეტაპზე მშენებლობებთან დაკავშირებით გარკვეულ დროებით შეზღუდვებზეც ვისაუბროთ. კარგად უნდა გავიაროთ ის საკითხები, რაც დაგეგმილია, რათა არ იყოს კანონთან შეუსაბამობა. მთავარია, სწორი პრინციპებით განვავითაროთ ქალაქი. ქალაქმა უნდა მიიღოს სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორ უნდა განვითარდეს მისი განაშენიანება მომავალი წლების განმავლობაში.

ბათუმის მერიამ უნდა შეიძინოს ბერკეტი, მძლავრი იარაღი იმისთვის, რომ მან შესთავაზოს თამაშის წესები დეველოპერებს, ინვესტორებს და არა პირიქით, როგორც ეს დღეს ხდება. როდესაც არ არის ხოლმე ქალაქის ასეთი პოზიცია, სწორედ მაშინ ხდება ხოლმე ისეთი შეცდომები, რომელთანაც საქმე გვაქვს. გენგეგმა კი სწორედ გამოსავალია იმისთვის, რომ ასეთი შეცდომები აღარ განმეორდეს“,- განაცხადა სალუქვაძემ.