Sinopharm-ი საქართველოში ხვალ ჩამოვა - როდის ელოდება ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას
ჩინური წარმოების ვაქცინის “სინოფარმის“ 100 000 დოზა საქართველოში ხვალ ჩამოვა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, “სინოფარმი“ აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან კი, ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებიდან ელოდება.
“ჩვენთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში აუცილებელია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე “მოდერნასაც“ ბევრი ქვეყანა იყენებს და მასაც არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.
გუშინ განახლდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული “სინოფარმი“, “სინოვაკი“ და “მოდერნასთვის“. ეს არის ის სამი დაწინაურებული ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ჯანმოს მათთვის ავტორიზაცია ჯერ არ მიუცია. დღეს გლობალურად ბაზარზე ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა ძალიან რთულია, ამდენად ამ შემთხვევაში ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. ამდენად ჩვენ იმ დაშვებით, რომ სინოფარმი ავტორიზაციას მიიღებს აპრილის ბოლომდე, სწორედ ამიტომ შევიძინეთ ეს ვაქცინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ, იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა რომელიმე ქვეყანაში “სინოფარმის“ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის გახდეს მაშინვე ცნობილი“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინებია შემოტანლილი. ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი ჩაერთო, შემდეგ კი, 65 წლის ზევით ასაკის პირები. დღეიდან 55 წლის ზევით ასაკის პირებიც შეძლებენ დარეგისტრირებას, 5 აპრილიდან კი, ვაქცინაციას.