საზოგადოება
05/04/2021

"შიდა ქართლში, გურიაში, სამეგრელოში ქელეხებისა და ქორწილების კლასტერები გვაქვს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 20 დღეში ეპიდსიტუაცია გაუარესდა. კლასტერული გავრცელებაა შიდა ქართლში, სამეგრელოში, გურიაში, რაც დაკავშირებულა ქელეხებთან და დიდ ქორწილებთან.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს არ დაუბრუნდეს და მესამე ტალღა არ დაიწყოს, აუცილებელია რეკმენდაციების დაცვა - პირბადის ტარება, დისტანცია, პირადი ჰიგიენა და  დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.

“ბოლო 20 დღეა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა შეიმჩნევა, თუმცა მას ნახტომისებური სახე არ აქვს. ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს აცდა. ეს არის დაახლოებით ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ ოქტომბრის დასაწყისში გვქონდა“,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პირბადის გამოყენების მაჩვენებელმა 43%-დან 51%-მდე მოიმატა. თუმცა, აუცილებელია მინიმუმ 75%-80%-მდე ასვლა.  

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს ვაქცინაცია.

მისი ინფორმაციით, დილის მონაცემებით, საქართველოში 11 603 ადამიანია ვაქცინირებული, დღეში საშუალოდ 1000 ადამიანი იცრება, რაც საკმარისი არ არის.

“ამ ეტაპზე დღეში მინიმუმ 3 000 აცრა გვჭირდება“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.