საზოგადოება
24/08/2020

შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს განცხადებას ავრცელებს

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
 
სამინისტროს ცნობით, შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
 
ადგილზე იმყოფებოდნენ და სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი.
 
შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
 
მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი 3 დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ისინი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
Businesspartner