საზოგადოება
30/03/2021

შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა ჯერ არ იგეგმება

მთავარი შრომის ინსპექტორის ბექა ფერაძის განცხადებით, შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება. 

“სოციალური ღონისძიებები აუარესებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს კეთილსინდისიერი მეწარმეების მეტ დისკომფორტს. ამ ეტაპზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მიგვეღო გადაწყვეტილება შაბათ-კვირის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. თუ ყველა ბიზნესსუბიექტი დაიცავს მოთხოვნებს, ცხადია, ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება და შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მან ბიზნესსუბიექტებს მოუწოდა, მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვისგან თავი შეიკავონ, რადგან ეპიდვითარება მართული იყოს და შემდგომი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დადგეს. 

ბექა ფერაძემ შრომის ინსპექტირების შედეგების შეფასებისას აღნიშნა, რომ 27-28 მარტის მონაცემებით, 21:00 საათის შემდეგ ღამის კლუბის ორგანიზებისთვის 6 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. მათ შორის ერთ-ერთი მათგანის საქმე, განმეორებითი დარღვევისთვის, კრიმინალურ პოლიციას გადაეცა შემდგომი რეაგირებისთვის. კანონმდებლობით განმეორებითი დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

“2020 წლის 28 ნოემბრიდან, როდესაც შეზღუდვები დაწესდა და შემდეგ დაიწყო შემსუბუქების ეტაპობრივი გრაფიკი, ჯანმში განვახორციელეთ 58 215 ინსპექტირება. საქმიანობა შეუჩერდა 6 212 ობიექტს“,- განაცხადა ბექა ფერაძემ. 

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე რესტორნები ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.