საზღვარგარეთიდან შემოსული 10 წლამდე ბავშვები PCR ტესტისგან გათავისუფლდნენ
საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში უცხო ქვეყნიდან საქართველოში შემოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, PCR ტესტისგან თავისუფლდებიან. კერძოდ, მათ არ მოუწევთ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა, აგრეთვე საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR ტესტის ჩატარება. ცვლილება “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა, რომელიც უკვე ძალაშია.
დადგენილებით, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში არ ექვემდებარება განსაზღვრულ შეზღუდვებს - ტესტირებას, იზოლაციას. (გამონაკლისია ინდოეთიდან შემოსული პირი).
მკაცრ კონტროლს ექვემდებარებიან ინდოეთიდან შემოსული ან ინდოეთში მოგზაურობის მქონე პირები. ამ ქვეყნიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ასევე პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ სავალდებულო 14 დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით).
რაც შეეხება სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის წესს, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენასთან ერთად, სავალდებულოა საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიული პასუხის წარდგენა.
რაც შეეხებათ საზღვარგარეთიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურის არ აქვთ ჩატარებული, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ და სურვილისამებრ, დაექვემდებარონ 8 დღიან თვითიზოლაციას ან გადავიდნენ საკარანტინე სივრცეში, ან მე-3 დღეს PCR ტესტი საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ.
საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში ისინი დაექვემდებარებიან 8 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას ან გადავლენ საკარანტინე სივრცეში.