საზოგადოება
13/05/2022

სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის შენახვის წესი და ვადა შეიცვლება

სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის შენახვის წესი შეიცვლება. აღნიშნულს "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

კანონპროექტის თანახმად, ნომრის შენახვა შესაძლებელი იქნება არა ფიზიკურად, არამედ "ვირტუალურად". 

როგორც განმარტებით ბარათში წერია, დღეს მოქმედი მოდელი ითვალისწინებს ე.წ. ფასიანი ნომრების ფიზიკურად შენახვას, რაც მოითხოვს მომსახურების სააგენტოს მიერ სათანადო ფართის გამოყოფას. ამასთან, აღნიშნული მოდელი მომხმარებლისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას იწვევს, ვინაიდან შენახული ნომრის აღება პირს შეუძლია მომსახურების სააგენტოს მხოლოდ იმ სტრუქტურულ ერთეულში, რომელშიც მან ნომერი ჩააბარა. ამდენად, ნომრის მოძებნა დორში ჭიანურდება. ხშირად ხდება ასევე შენახული ნომრის დაზიანება. 

წარმოდგენილი კანონპროქტის მიხედვით კი, მომხმარებელი შეძლებს მომსახურების ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მცირე დროში დაიბრუნოს თავისი სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი. 

იცვლება შენახვის ვადაც. 

მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანს, 7 თვის ნაცვლად, შეინახავს 1 წლამდე ვადით. სანომრე ნიშნის შენახვა განხორციელდება არა ფიზიკურად, არამედ პირის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი ამ ვადის განმავლობაში ხელახლა დაბეჭდვა/გაცემა. ამასთან, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, სანომრე ნიშნის გაცემა მოითხოვოს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულშ და არა მხოლოდ იმ სტრუქტურულ ერთეულში, სადაც მან ნომერი ჩააბარა. აღნიშნული მომსახურების საფასური ავტომობილის შემთხვევაში შეადგენს 35 ლარს, ხოლო მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება 25 ლარით. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.

 

Businesspartner