საკოორდინაციო საბჭო დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები არ წესდება.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მკაცრი შეზღუდვებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში ნარჩუნდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. აგრეთვე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე.
“როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების, ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე საზღვარზე შემოსული პირების PCR კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.
საწარმოებში, სადაც გამოვლინდება კორონავირუსის შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება“,- აღნიშნა გიორგი ღიბრაძე.
ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულებს რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.
“კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა. ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.
საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა და მათში მონაწილეობაზე“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.