საზოგადოება
29/01/2022

"სახელმწიფომ მოქალაქეთა ჯანმრთელობის ისტორია არ იცის" - სადაზღვევო ინდუსტრია ცვლილებებს ითხოვს

პანდემიის ფონზე, მოსახლეობის მხრიდან ინდივიდუალური საცალო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების შესახებ კითხვებით მომართვიანობა გაიზარდა.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნინო კობახიძემ ამბობს, რომ დაზღვევის მიმართულებით არაერთი ცვლილებაა განსახორციელებელი, რაც პანდემიამ კარგად გამოავლინა.

„რა დაგვემართა საქართველოს მოსახლეობას პანდემიის დროს? თუ არ ჩავთვლით დაზღვეულ სექტორს – 800 ათას ადამიანს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ისტორია არ იყო ცნობილი არც ექიმების და არც ჰოსპიტლებისთვის. ვინ დაგვიმძიმდა პანდემიის დროს – ვის ვერ ვუმკურნალეთ? იმათ, ვისზეც არ ვიცოდით, რომ ჰქონდა ალერგია, იყო ქრონიკული პაციენტი… ასეთი ადამიანების მართვის გამოუცდელობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩაკეტვა იყო საუკეთესო გამოსავალი. არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა,“ - განაცხადა ნინო კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ფიქრობს, რომ დაზღვევის განვითარებისა და სახელმწიფოსთვის თანხების დაზოგვის მიზნით აუცილებელია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების განხორციელება.

„სასიამოვნოდ ვარ გაოცებული – როგორც ჩანს, ჯანდაცვის ახალი მინისტრი იზიარებს იმას, რომ თუ ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეა, მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა, რომ კერძო ინდივიდუალური დაზღვევა შეიძინოს, უფრო სწორად, ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოს საყოველთაო. როცა გავაკეთებთ ამ კომბინაციას, ეს იქნება დაცული მოქალაქე და ნაკლები დანახარჯი სახელმწიფოსთვის, რადგან როდესაც ადამიანს ჰყავს ექიმი და ამბულატორიულ კვლევებს იტარებს, ის სტაციონარული მომსახურებისთვის სახელმწიფოსთან აღარ მივა. ამაზე ძალიან აქტიური მუშაობა გვიწევს და მემგონი, შედეგზე გავალთ,“ – აღნიშნა ნინო კობახიძემ.

შეგახსენებთ: 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს შეუნარჩუნდათ უფლება, დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით ისარგებლონ და ამ შემთხვევაში არ კარგავენ საყოველთაო ჯანდაცვის სრულყოფილ პაკეტს.

ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებსა და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან.

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები კი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, სარგებლობენ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

სადაზღვევო კომპანიების პოზიციაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა და ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტზე კერძო დაზღვევის „დაშენების“ უფლება, რაც ამბულატორიული სერვისების მიღების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო კი ამით უამრავ რესურსს დაზოგავს, რომელიც შეუძლია მიმართოს ისეთი პაციენტების დაფინანსებაზე, როგორიცაა მაგალითად ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები.

სადაზღვევო ინდუსტრიის პოზიციაა, რომ ასეთი მიდგომა მედიკამენტების გაიაფებასაც გამოიწვევს.

წყარო: jandacva.ge