"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
ვმუშაობთ მწვანე წყალბადის ენერგიის განვითარებაზე, გვაქვს საპილოტე პროექტი საფინანსო ინსტიტუტებთან და ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ ღირებულების ჯაჭვი - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე აცხადებს.
როგორც მან „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, ახალი რესურსების ათვისებით, საქართველოს მიზანია გახდეს თვითკმარი და ექსპორტიორი ქვეყანა.
„მწვანე წყალბადი თავდაპირველად ბათუმის მუნიციპალიტეტის ავტობუსებში გამოვიყენეთ. მთავრობის მხარდაჭერის სქემაც მოიცავს წყალბადის მიმართულებას - ისეთს, მაგალითად, ბიომასა, ბიოთერმული და გეოთერმული წყაროები. ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს დამატებითი რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ქვეშ დგას ექსპორტის მიზანიც“- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის რესურსების მაქსიმალური გამოყენება მთავარი პრიორიტეტია - სწორედ ამიტომ, მთავრობამ 2022 წელს ინვესტორების მხარდაჭერის სქემა წარადგინა.
„სქემა გულისხმობს იმას, თუ როგორ დავეხმარებით ინვესტორებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში, რომელიც დაეფუძნება კონკურენციას, ბაზრის წესებს, გამჭვირვალე აუქციონებს, სადაც ინვესტორს შეუძლია მისთვის მისაღები გრძელვადიანი ტარიფი მიიღოს. ეს ამარტივებს ინვესტიციის განხორციელებას გარანტიის მქონე ასეთ გარემოში“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ამასთან, მისივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ 2020 წელს საქართველოს მოხმარების საერთო მაჩვენებელი დღევანდელი მოხმარების გაორმაგებული ციფრი იქნება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, ჩვენი დამოკიდებულება მყარ საწვავზე და იმპორტირებულ პროდუქტებზე მაღალია. ჩვენი წყაროების განვითარების გარეშე, თავისთავად, ეს დამოკიდებულება ბევრად უფრო მაღალი იქნება შემდეგში. ალბათ, პირველი გადაჭრის გზა ამ პრობლემისთვის იქნება, რომ გავაუმჯობესოთ განახლებადი რესურსების გამოყენების პროცესი და ასევე, ახალი გენერაციის ობიექტები გვჭირდება, დაკავშირების ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობლებთან“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
energynews.ge