ბიზნესი
30/04/2021

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს

„პასკა გემუანი“ პანდემიის დროს რუსკა კიკალიშვილის დაწყებული ბიზნესია. კომპანია ამჟამად პასკების წარმოებაზეა ორიენტირებული და აღდგომების შემდეგ ახალი ნიშის ათვისებას გეგმავს.

„პანდემიამ როგორც ბევრი ადამიანის ასევე ჩემს ცხოვრებაშიც დიდი როლი ითამაშა. 16 წლის ასაკიდან ვმუშაობდი ტიხრულ მინანქარზე, ვამზადებდი სხვადასხვა სამკაულს და ხატებს, რომლებიც როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე საზღვარგარეთ იყიდებოდა. პანდემიამ ტურიზმზე დიდი გავლენა იქონია და ამან ჩემი ბიზნესიც დააზარალა, გარდა ამისა, მოთხოვნამ იკლო ადგილობრივ ბაზარზეც.

თავდაპირველად რთული იყო ამ ნეგატიური სიახლის გაანალიზება და მიღება, თუმცა, მალევე ჩავერთე კულინარიაში რამაც გადამატანინა ყურადღება არსებული პრობლემებიდან და ვფიქრობ, პანდემიის პერიოდი სასიკეთოდ გამოვიყენე. მივიღე განათლება ევროპული განათლების აკადემიაში კულინარიის განხრით. ეს ყველაფერი კი ჩემი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში დამეხმარა,“ - აცხადებს რუსკა კიკალიშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ასორტიმენტი მოიცავს   პასკის გარდა სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმსაც, მათ შორის, ტორტებს, ხაჭაპურს და ლობიანს.

რაც შეეხება გაყიდვებს, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ და 2 მაღაზიის (ბიო ფუდი და ფერმერი) საშუალებით ხდება.

„გემუანის პასკები სახლში მომზადებულ პასკებს გაგახსენებთ. რეალურადაც ესეა, გემუანი მზადდება სახლის პირობებში ოჯახის წევრების ჩართულობით, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ოჯახის წევრები არიან დასაქმებული. 

სიმართლე უნდა ითქვას რომ მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ხალხის ფინანსური მდგომარეობა და მაქსიმალურად ვცდილობ, ფასები მინიმალური იყოს, მაგრამ ხშირად არ გამოდის რადგან პასკების დეკორაცია ხელით დამზადებული ტკბილეულია, მაღალი ხარისხის პროდუქტებიც ახდენს გავლენას ფასზე. მიუხედავად ამისა მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ხშირია მეორედ და მესამედ შეკვეთის შემთხვევებიც, ამით ვვარაუდობ, რომ მომხმარებელი კმაყოფილია,” -აცხადებს კიკალიშვილი.

„პასკა გემუანის“ დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დაგეგმილია დიაბეტური საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, რისი ნაკლებობაც ბაზარზე შეიმჩნევა. არ არის გამორიცხული სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობაც.