საქართველოში სამხედრო მუზეუმის შექმნა იგეგმება
საქართველოში სამხედრო მუზეუმის შექმნა იგეგმება. ცვლილება "მუზეუმების შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სამხედრო მუზეუმის შექმნა ღია სივრცეში ან/და დახურულ შენობაში, სადაც დაცული იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტი 2025 წელს შევა ძალაში, რადგან 2022-2024 წლების საშუალოვადიან საბიუჯეტო პერიოდში საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფა ვერ განხორციელდება.
კანონპროექტით, სამხედრო მუზეუმის შექმნისთვის საჭირო ხარჯის სავარაუდო ღირებულებაა 23 753 112 ლარი. მუზეუმის დახურული სივრცის მშენებლობისთვის განკუთვნილი ხარჯი ლარებში დათვლილია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 2021 წლის 30 ივლისის მდგომარეობით არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის შესაბამისად.
"გასათვალისწინებელია პროექტის განხორციელების მომენტში არსებული ვალუტის გაცვლითი კურსი, რომელიც თავის მხრივ ზეგავლენას მოახდენს საბიუჯეტო ხარჯებზე", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
განმარტებით ბარათში წერია, რომ მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი შესაძლებელია გადანაწილდეს 4 საბიუჯეტო წელზე.
2025 წელს პროექტირებისთვის გამოიყოს 249 576 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 187 182 ლარი;
2026 წელს მშენებლობის პირველი ფაზის დასაწყებად გამოიყოს 4 211 595 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 280 773 ლარი;
2027 წელს მშენებლობის მეორე ფაზისთვის გამოიყოს 5 615 460 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 467 955 ლარი, გამოფენის სამეცნიერო კონცეფციის მომზადებისთვის 93 591 ლარი, გამოფენის დიზაინის შემუშავებისთვის 93 591 ლარი, საგამოფენო და საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 311 970 ლარი;
2028 წელს მშენებლობის ბოლო ფაზისთვის გამოიყოს 4 211 595 ლარი, კოლექციების საგამოფენოდ მომზადებისთვის 62 394 ლარი, აღჭურვისთვის 4 679 550 ლარი, საგამოფენო და საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 1 247 880 ლარი, ღია სივრცის მოსაწყობად 2 040 000 ლარი.
მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმის შენახვისთვის საჭირო ხარჯები ყოველწლიურად სავარაუდოდ შეადგენს - 782 500 ლარს (მუზეუმის შენახვისათვის საჭირო ხარჯებს 398 500 ლარს დამატებული მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება -384 000 ლარი).
მსგავსი ტიპის მუზეუმის ასაშენებლად საჭირო იქნება დაახლოებით 2000-2500 კვ.მ. ფართი.
"მუზეუმების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმი თავისი საქმიანობის მიმართულებით შეიძლება იყოს: ისტორიული, საბუნებისმეტყველო, მემორიალური, ხელოვნების და ლიტერატურული.
როგორც ინიციატორები ამბობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ამ ტიპის მუზეუმების გარდა, შექმნილია ეროვნული სამხედრო მუზეუმები, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა გააჩნიათ.
"ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს მნიშვნელოვანი როლი აქვს მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისათვის და ცნობიერების ამაღლებისათვის. ამასთან, მომავალში სამხედრო ტიპის მუზეუმი აკადემიური წრეებისთვისაც მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო გახდება",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან პარლამენტის როგორც უმრავლესობის წევრები, ისე ოპოზიციის წარმომადგენელი: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ხელაშვილი, რესან კონცელიძე, ალექსანდრე ელისაშვილი.