საზოგადოება
10/01/2022

საქართველოში კოვიდის სამკურნალო Pfizer-ის და Merck-ის მედიკამენტები შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდაა. 

მისი თქმით, ყოველდღიურად 3 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ახალი შტამის "ომიკრონის" 1000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. 

"ომიკრონის" მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია. არ გვაქვს ჰოსპიტალიზაციის გაზრდილი რაოდენობა. შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი "ომიკრონის" შემთხვევებიც, ჯანდაცვის სისტემა მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. 

მისი განცხადებით, ქვეყანაში კოვიდის სამკურნალო მედიკამენტებით მკურნალობაც შესაძლებელია. ამასთან, რამდენიმე კვირაში საქართველოში დამატებით "ფაიზერის" და "მერკის" წარმოების მედიკამენტების შემოტანა იგეგმება, რომელიც, მინისტრის შეფასებით, მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. 

ზურაბ აზარაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და რეგულაციების დაცვაზეც გაამახვილა ყურადღება.