საზოგადოება
18/03/2021

საქართველოში AstraZeneca-ს გამოყენება არ შეჩერდება

საქართველოში “ასტრაზენეკას“ მოხმარება არ შეჩერდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ მათგან „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, „ასტრაზენეკას“ მოხმარება შეჩერდეს ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ჯანდაცვის სამინისტროში სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც ახალციხეში სამედიცინო პერსონალი “ასტრაზენეკათი“ ვაქცინირების შემდეგ კომაში ჩავარდა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმეა.პაციენტი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი. 

ცნობისთვის, საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა 13 მარტს ჩამოვიდა, ვაქცინაცია კი, 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრა სამედიცინო პერსონალს უტარდება. 

 

Businesspartner