საქართველოში აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის დაჩქარებას ელიან
„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაჟღერებული იდეები ჯო ბაიდენის ახალ ადმინისტრაციას აუცილებლად გადაეცემა.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.
„ტრამპის ადმინისტრაციამ აბსოლუტურად შეზღუდა ახალი სავაჭრო შეთანხმებების პროცესი როგორც წყნარი ოკეანის რეგიონთან, ასევე ევროპასთან და ახლა, ალბათ, ჯო ბაიდენის პირობებში ეს პროცესი განახლდება. ბარაკ ობამას პერიოდში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ალბათ, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. საქართველო ამ მოლაპარაკებებს აუცილებლად მიებმება, რადგან ჩვენ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გვაქვს. გარდა ამისა, დიდი ხანია შეერთებულ შტატებთან ამაზე ვსაუბრობთ და რომ არა წინა ადმინისტრაციის ეს იზოლაციონისტური პოლიტიკა, ალბათ, გვექნებოდა უკვე შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. იმედია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ბევრად უფრო სწრაფად მოგვარდება ეს საკითხი.
მაიკ პომპეო წარმავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელია და დაპირებებს ვერ მოგვცემს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში არსებობს გარკვეული განგრძობადობა. თუმცა, როგორც ვიცით, რადიკალურად შეიცვლება ბაიდენის პოლიტიკა, მათ შორის, საგარეო ეკონომიკური მიმართულებით. ამის მიუხედავად, ინფორმაცია, რომელსაც ბაიდენი მიიღებს, აუცილებლად გადავა ახალი ადმინისტრაციის განკარგულებაში. მგონია, რომ ეს იდეები და საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება მისაღები უნდა იყოს და უნდა მიესალმოს ამას ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. ასე რომ, ეს შეხვედრა ახალი ადმინისტრაციის პირობებში თავის გამოყენებას ჰპოვებს“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.