"საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის გეგმა საზოგადოებას კვირის ბოლომდე წარედგინება.
თამარ გაბუნიას თქმით, გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და ის მთავრობას განსახილველად გადაეგზავნება.
„პარასკევს ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა დასრულდა. ვფიქრობთ, ეს პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც ვაქცინაცია განხორციელდება. ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება გარანტია, რომ იმუნურობის დონე იქნება შესაბამისი, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის თავისუფალი გახსნა მოხდება.
რა თქმა უნდა, პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები, რომელიც რისკ ჯგუფში არიან. საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა“,- აღნიშნა გაბუნიამ.