საქართველო თებერვალში Pfizer-ის, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს ვაქცინებს ელოდება
სამედიცინო პერსონალის ასაცრელად ქვეყანაში თებერვლის ბოლოს Pfizer-ის 29 250 დოზა შემოვა. პირველ ეტაპზე სამედიცინო სექტორის 14 000-მდე პერსონალი აიცრება. პირველ რიგში, ვაქცინაციის პროცესით კოვიდ კლინიკების წარმომადგენლები ისარგებლებენ.
"თებერვლის მეორე ნახევარში შემოდის 29 250 დოზა. ორჯერადი ინექციაა საჭირო, ამიტომ უნდა ვიანგარიშოთ, რომ დაახლოებით მედიცინის 14 000-მდე მუშაკი აიცრება. ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან პერსონალთან დაკავშირებული ინფორმაციის ატვირთვა შესაბამის პორტალზე უკვე მიმდინარეობს. ასეთი დაახლოებით 75 000 ადამიანია. ჩვენი მიზანია, რომ წელს დაახლოებით 49 000 ავცრათ. ჩემი კოლეგების დაახლოებით 7%-ს კორონა ვირუსი უკვე გადატანილი აქვს. ასეთი ადამიანები, გადატანიდან 3 თვის განმავლობაში არ აიცრებიან",- აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, უკვე არჩეულია ის კლინიკები, სადაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდება.
"ასეთი უკვე 10 კლინიკაა არჩეული. კიდევ 5 სარეზერვო ჰოსპიტალი გვაქვს. აქედან 5, ან 6 თბილისშია, დანარჩენი 2-2 კი - ქუთაისსა და ბათუმში",- განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მეორე ეტაპზე შემოტანილი ვაქცინითაც პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალს მიენიჭება.
მეორე ეტაპზე, მარტის დასაწყისში რაც AstraZeneca-ს უფრო სოლიდური დოზები შემოვა. დაახლოებით 100 000-დან 300 000-მდე. იქაც პირველი სამედიცინო პერსონალი აიცრება.