საზოგადოება
06/05/2022

საქართველო ევროკომისიას კითხვარის მეორე ნაწილს 10 მაისს გადასცემს

საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილზეც დაასრულა მუშაობა, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, შევსებული დოკუმენტი ევროკომისიას 10 მაისს გადაეცემა. 

"საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას საქართველომ გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი. კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად სექტორული ხასიათის იყო", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. 

პროცედურულად, მინისტრის თქმით, დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, ევროკომისია შესაბამის დასკვნას მოამზადებს. 

"ჩვენ დაველოდებით ევროკომისიის შესაბამის პოზიციას, რომელიც უნდა მომზადდეს საქართველოს მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით", - აცხადებს ილია დარჩიაშვილი. 

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკომისიას კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. პირველი ნაწილი ეკონომიკური და პოლიტიკური შინაარსის იყო. 

ინფორმაციისთვის, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით კითხვარი 11 აპრილს ჩაიბარა. 

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა.  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა. 

Businesspartner