საზოგადოება
02/03/2022

საქართველო EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადით ხვალ მიმართავს

საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადით ხვალ მიმართავს. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

"2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით.თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება.

"მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისი განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. 

"სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც.

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამებჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ რეფრომები, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Businesspartner