"საქართველო აშშ-სთან თანამშრომლობს, რათა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვინც ვაქცინას მიიღებს"
ქართული მხარისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა კორონა ვირუსი და მასთან გამკლავების გზები იყო.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს თემა მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარეც, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინას მიიღებს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც საუბარი იყო, გახლავთ კოვიდი და ის ფასდაუდებელი დახმარება, რომელიც აშშ-მ საქართველოს აღმოუჩინა მასთან ბრძოლაში როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ლუგარის ლაბორატორიის ჩართულობით. იცით, რომ ახალ ვაქცინაზეა საუბარი, ერთ-ერთი მწარმოებელი, მათ შორის, ამერიკული კომპანიები არიან ამიტომ, მომავალში ამ მიმართულებითაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც მიიღებს ამ ვაქცინას. ეს დაგვეხმარება ამ უსერიოზულეს პრობლემასთან გამკლავებაში“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.