სად და რამდენით იზრდება ხვალიდან გაზის ტარიფი
ბუნებრივი გაზის 5 კომპანიის მომხმარებლებისთვის ტარიფი იზრდება. ცვლილება "ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" სემეკის დადგენილებაში შედის, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან შევა ძალაში.
1 თეთრით ეზრდება ტარიფი შპს "დიდი დიღომის" მომხმარებლებს, დადგენილების მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) 57 თეთრით განისაზღვრება.
შპს "თელავგაზის" მომხმარებლებისთვის (კომპანია ემსახურება თელავს) ტარიფი იზრდება 1 თეთრით და 1 კუბური მეტრის ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 58.864 თეთრი იქნება.
შპს "საჩხერგაზის" მომხმარებლებისთვის ტარიფი იზრდება 0.635 თეთრით და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი დღგ-ს ჩათვლით იქნება 55.276 თეთრი. კომპანია ემსახურება საჩხერის მუნიციპალიტეტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს წასრი, ითხვისის.
0.500 თეთრით იზრდება ტარიფი შპს "დი-ვი-ეს"-სთვის და 1 კუბური მეტრის ფასი დღგ-ს ჩათვლით იქნება 51.789 თეთრი. კომპანია ემსახურება გარდაბნის რაიონის სოფელ ყალაჯარალის.
შპს "ყამარი მ"-სთვის ტარიფი იზრდება 1 თეთრით და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი დღგ-ს ჩათვლით იქნება 51 თეთრი. კომპანია ემსახურება მუხიანის აგარაკებს.
როგორც სემეკში განმარტავენ, აღნიშნული კომპანიები აბონენტების მცირე რაოდენობას ემსახურებიან.
კორექტირებული ტარიფები ძალაში 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება.