საზოგადოება
15/06/2020

სად არის სავალდებულო პირბადეების ტარება

განისაზღვრა სივრცეები, სადაც პირბადეების ტარება სავალდებულოა. დარღვევა ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას გამოიწვევს.

პირბადის ტარება სავალდებულოა საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში“, „ფრონტ“ ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა.

შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს, შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე.

პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.