საზოგადოება
18/03/2021

როგორია ვაქცინირებული სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა - ამირან გამყრელიძის განმარტება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ საქართველოში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა.

ახალციხის “იმედის“ კლინიკაში, სადაც 16 სამედიცინო პერსონალია აცრილი, 27 წლის ქალს, აცრიდან 30 წუთში სწრაფი გვერდითი რეაქცია განუვითარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას თბილისში გადმოიყვანენ.

“27 წლის ქალი სისტემატიურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და წინასწარი ინფორმაცია არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციას. სამწუხაროდ, კოვიდვაქცინაციიდან 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია, რადგან სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბარით ანაფილაქსიურ რეაქციას ჰგავდა. მას ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ამ დროს პროტოკოლით არის გაწერილი. ის გადაყვანილია რეანიმაციაში, მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ინტუბირება, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ადგილზე გადაყვანილია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში. დაწყებულია შემთხვევის მოკვლევა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

Businesspartner