საზოგადოება
22/09/2020

როგორ შეცვალა COVID-19-მა საქართველოში შრომის ბაზარი

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში გამოჩენისთანავე ადგილობრივი შრომის ბაზარი საგრძნობლად შეცვალა. ისეთ მსხვილ დასაქმების პორტალზე, როგორიც hr.ge-ა, განთავსებული ვაკანსიების რაოდენობა დღითიდღე იკლებდა.

„დაახლოებით 10 მარტიდან საიტს ვაკანსიების კლება დაეტყო. ყოველდღე თითქმის ნახევრდებოდა. მარტის ბოლოსთვის ვაკანსიების რაოდენობა თავდაპირველი რაოდენობის დაახლოებით 20% იყო დარჩენილი. ძირითადი პოზიციები მეორდებოდა. ეს იყო კონსულტანტები, კურიერები, ქოლ ცენტრის ოპერატორები, ე.წ IT სპეციალისტებზე, ვებ დეველოპერებზე. ასეთი ვითარება დაახლოებით მაისის ბოლომდე გაგრძელდა. აპრილსა და მაისის დასაწყისში იყო საკმაოდ ცუდი მდგომარეობა ბაზარზე რადგან ვაკანსიების რაოდენობა ყოველდღიურად დაახლოებით 20-30 იყო, რაც პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იყო“,- განმარტა „ბიზნესპარტნიორთან“ hr.ge-ს რეგიონალურმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა.

მაისის ბოლოდან დასაქმების პლატფორმაზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა მცირედით.

„ყოველკვირეულად დაახლოებით 10%-იანი მატება გვქონდა. ივნისის მეორე ნახევარში ყოველდღიური ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით 70-80-ზე ავიდა“,- აღნიშნა შახბაზიანმა.