საზოგადოება
21/04/2021

როგორ მიმდინარეობს ნახანძრალი ბორჯომის ტყის აღდგენა

ბორჯომის ნახანძრალ ტერიტორიაზე ძირითადი კომპლექსური სამუშაოები უკვე დასრულდა. სამუშაოები გულისხმობს ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დარგვას, თესვას, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

როგორც “ბიზნესპარტნიორის“ მიერ ტყის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაში წერია, 2017 წელს ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი 234 ჰა ფართობისთვის, სამუშაოები ტყის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2019 წელს დასრულდა და სრულად არის აღდგენილი შესწავლებით გამოვლენილი ტერიტორია. ამ ეტაპზე გრძელდება ტერიტორიის მოვლის სამუშაოები და მონიტორინგი.

ბორჯომის ნახანძრალი ტერიტორიის ნაწილზე, ტყის აღდგენის სამუშაოები თავდაპირველად 2013-2015 წლებში განხორციელდა, დონორების დაფინანსებით. დაფინანსების წყარო იყო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე მოსახლეობა და კერძო სექტორი.

ბორჯომის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენის პროექტის ფარგლებში ფინეთის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 40 ჰა-მდე აღდგა. ამავე პერიოდში 17,6 ჰა-ზე სამუშაოები ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით და 20 ჰა-ზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ძალებით შესრულდა.

“2016-2017 წლებში 10 ჰა-ზე ტყის აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა კერძო სექტორის მხარდაჭერით სხვადასხვა აქციის ფარგლებში, ხოლო, სრული ტერიტორიის აღდგენა და შემდგომი მოვლა ხორციელდებოდა და დღესაც მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს საკუთარი სახსრებით“,- აცხადებენ ტყის ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, ბორჯომის ტყე თავიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. განმეორებითი ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა.