საზოგადოება
16/10/2020

როგორ იმუშავებენ თეატრები გახსნის შემდეგ - რა წერია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში

გახსნის შემდეგ თეატრებს მუშაობა განსხვავებული წესებით მოუწევთ. რა წერია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში, ამას „ბიზნესპარტნიორთან“ რუსთაველის თეატრის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ია შერაზადიშვილი განმარტავს.

„რეპეტიცია 40 წუთი მიმდინარეობს. 40 წუთის შემდეგ მსახიობები ისვენებენ და სივრცე ნიავდება. შემდეგ ის გრძელდება. თუმცა, მისი გაგრძელება 2 საათზე მეტ ხანს არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება, რომ ყველა მსახიობი ერთად იყოს დაბარებული. სცენების მიხედვით იძახებენ.

რაც შეეხება თეატრში მოსვლის წესებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აუცილებელია პირბადე. მაყურებელი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელს. გაივლიან თერმოსკრინინგს. ჩვენი დარბაზის სქემაც შეთანხმებული გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან. არის ერთი სკამის გამოტოვების პრინციპი. რუსთაველიც თეატრის პარტერი სწორედ ისეა განლაგებული, რომ ერთი სკამის გამოტოვებით საჭირო დისტანციას ვიცავთ. რა თქმა უნდა, ესეც შემცირებულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რუსთაველის თეატრი კიდევ დიდია. 800 ადგილზე 400 დაკავებული ადგილი გამოდის, მაგრამ თეატრისთვის, რომელსაც სულ 100 ადგილი აქვს, ეს დიდი დანაკლისი გამოდის“,- აღნიშნა შერაზადიშვილმა.