საზოგადოება
01/03/2021

როგორ და რა ალტერნატივას შესთავაზებენ კერძო სკოლაში სტატუსშეჩერებულ მოსწავლეს

როგორ მოხდება კერძო სკოლაში სტატუსშეჩერებული მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანა, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი დავით ლომინაშვილი განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, მოსწავლეებს სხვა სკოლას ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით შესთავაზებენ.

„საკლასო ოთახებში, სასწავლო გეგმით, ბავშვის ზღვრული რაოდენობა არის 25. 29-მდე მინისტრი ამატებს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში. იმ შემთხვევაში თუ, კონკრეტულ სკოლაში გადასვლის მსურველი ბავშვი იქნება 30-ე, სამინისტრო სკოლაში არსებული სივრცეებიდან გამომდინარე ვერ ამატებს. ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს მოსწავლეს შევთავაზოთ სხვა ახლომდებარე საჯარო სკოლა.

მაგალითად, თუ მშობლის მოთხოვნაა, რომ მისმა შვილმა აუცილებლად პირველ კლასიკურ გიმნაზიაში უნდა ისწავლოს, ეს მოცემულობა ასე განხილვადი არ იქნება. პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ისწავლის, თუ იქ მოსწავლეთა საკმარისი რაოდენობა იქნება, ხოლო თუ სკოლა გადავსებული იქნება, შეთავაზებული იქნება რომელიმე მომიჯნავე საჯარო სკოლა.

რაც შეეხება კომერციულ სკოლებს, მათ აქვთ თავისი ლიმიტები. თუმცა, არსებობს კერძო სკოლები, სადაც უფრო ნაკლები ბავშვი უზით კლასებში, ზოგს 10, 15 და ა.შ. ისინი თავისუფლები არიან იმაში, 17-ს დასვამენ, 18-ს თუ 25-ს, მთავარია მინიმალური და მაქსიმუმი იყოს დაცული“, - აღნიშნა დავით ლომინაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

ცვლილების თანახმად, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს სტატუსი, ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.

კერძო სკოლა ვალდებული იქნება მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი გახდება.

ამასთან, ცვლილებით, სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

Businesspartner