რესტორნებს, რომლებიც სტუმრებს "მწვანე ბარათით" მიიღებენ, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ
რესტორნებს, რომლებიც დეკმებრიდან სტუმრებს "მწვანე ბარათით" მიიღებენ, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
რესტორნები დღეს მოქმედი რეგულაციით 23:00 საათამდე მუშაობენ, 1-ელი დეკემბრიდან კი, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავად გადაწყვიტონ, რომელ საათამდე იმუშავებენ.
"რესტორნები, რომლებიც სტუმრებს მწვანე სტატუსით მიიღებენ, შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენხანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან",- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
ინფორმაციისთვის, "მწვანე ბარათი" მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.
მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.