რეგიონებში ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირებაში სტუდენტები დაეხმარებიან
რეგიონებში მოსახლეობის ნაწილი ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, ზოგიერთ მათგანს ინტერნეტის პრობლემა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ რეგიონებში 55 წლის ზევით ასაკის პირების დაბალი აქტივობაა ვაქცინაციის პროცესში.
მინისტრის თქმით, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მიმდინარეობს სტუდენტების ტრენინგი, მოხდება მათი სპეციალური ტექნიკით აღჭურვა და სავარაუდოდ უკვე მომდევნო კვირიდან ისინი რეგიონებში მოსახლეობას რეგისტრაციაში დაეხმარებიან.
“რეგიონებში არის ნამდვილად პრობლემა. ჩვენ აქტიურად გვყავს ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები და ვთვლით, რომ ეს არის მათი უშუალო პასუხისმგებლობა, რეგიონებში მეტად აქტიურები იყვნენ. ინტერნეტთან წვდომა და რეგისტრაციის კომპონენტი - ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ სტუდენტებთან, ისინი იქნებიან ვაქცინაციის ოფიცრები და სპეციალური მოწყობილობებით ხელს შეუწყობენ საზოგადოების იმ ნაწილის რეგისტრაციას, რომლისთვისაც ეს პროცესი რთულად ხელმისაწვდომია“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.