საზოგადოება
14/04/2021

რატომ უნდა დავიცვათ ვაქცინაციის შემდეგ რეგულაციები - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შემდეგ რეგულაციების დაცვა მაინც აუცილებელია.

მისი განმარტებით, საქართველოში ვაქცინირებულთა შორის ჯერ არავინ არის, ვისაც მეორე დოზა აქვს გაკეთებული. თუმცა, მეორე დოზის მიღების შემდეგაც არ ხდება მაშინვე იმუნური სისტემის სრული სიმძლავრით ამოქმედება.

“ნებისმიერ შემთხვევაში მეორე დოზის შემდეგაც საჭიროა დრო,სანამ იმუნიტეტი ჩამოყალიბდება სრულფასოვნად“,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

ხათუნა ზახაშვილის თქმით,რეგულაციების დაცვა საჭიროა, სანამ საქართველოში ვაქცინაციით მოცვა მაღალი არ იქნება. ვაქცინირებული ადამიანი დაცული არ არის ინფიცირებისგან, რადგან სხვა ვაქცინების მსგავსად, კოვიდვაქცინასაც 100%-იანი დაცვა არ აქვს. შესაძლოა, ადამიანი მაინც დაინფიცირდეს, თუმცა ის დაცულია მძიმე მიმდინარეობისგან და ლეტალური შემთხვევისგან.

“შეიძლება თქვენ გაიკეთეთ ვაქცინა და არ ჩამოგიყალიბდათ იმუნიტეტი, მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გარშემო საკმაოდ აქტიურად ცირკულირებს ვირუსი და ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ინფიცირებული. მეორეც, შესაძლებელია თუნდაც იმუნიტეტჩამოყალიბებულ ადამიანს დაემართოს კოვიდი, მაგრამ ის დაცულია მძიმე მიმდინარეობისგან და 100%-ით ლეტალობისგან. მაგრამ, შეიძლება ის თვითონაც გახდეს გადამდები.  სწორედ ამიტომ, სანამ ჩვენთან ვაქცინაციით მოცვა არ იქნება მაღალი, მაინც მკაცრად რეკომენდაციას ვუწევთ ყველას, რომ გამოიყენონ პირბადე“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში 23 493 ადამიანია ვაქცინირებული. ამ ეტაპზე ქვეყანაში “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინა გამოიყენება. შემოტანილია ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული და ელოდება ჯანმოს ავტორიზაციას.