რას სთავაზობს Webster University-ს ქართული ფილიალი სტუდენტებს
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში სწავლას სექტემბრიდან, პირველ ეტაპზე დაახლოებით 1 000 სტუდენტი შეძლებს.
პირველ სასწავლო წელს ბაკალავრიატის საფეხურზე უნივერსიტეტი 150-მდე, ხოლო მაგისტრატურაზე 70-მდე სტუდენტს მიიღებს. ჩარიცხულებს სწავლა 5 პროგრამაზე შეეძლებათ. ბაკალავრიატზე ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები და მედია და კომუნიკაციები ისწავლება, ხოლო მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირება და საერთაშორისო ურთიერთობები.
როგორც ვებსტერის უნივერსიტეტის პარტნიორმა, მიხეილ ბატიაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ამერიკის უნივერსიტეტისგან განსხვავებით, ქართულ ფილიალში სწავლის ხარჯი რამდენჯერმე ნაკლები იქნება.
„რეგიონში ასეთი შესაძლებლობის გაჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტებს საშუალება ექნებათ ადგილზე მიიღონ ამერიკული, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის განათლება მსოფლიოში. სწავლა წარიმართება უცხოელ პროფესორებთან ერთად, სხვადასხვა ლაბორატორიაში, სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში. ეს ფინანსური თვალსაზრისით უზარმაზარ რესურსსაც დაზოგავს. უდიდესი საჩუქარია ამერიკის მხრიდან, რომ ამ ფილიალში სწავლა 3-4-ჯერ უფრო ნაკლები ეღირება, ვიდრე ამერიკის უნივერსიტეტში. სტუდენტები ამერიკულ დიპლომს პირდაპირ საქართველოში მიიღებენ“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში მიხეილ ბატიაშვილმა.
ვებსტერის უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველებისთვის რეგისტრაცია 2 დღეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებაში მოხვედრაზე ინტერესი 200-მდე ადამიანმა გამოხატა.
ცნობისთვის, ვებსტერის უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებშია აკრედიტირებული. ის ჯერ კიდევ 1915 წელს დაარსდა და სწავლა 5 სტუდენტთან ერთად დაიწყო. ვებსტერის სახელით 1983 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს მსოფლიოს მასშტაბით 10 000-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს.