რას სთავაზობს მთავრობა სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებს
მთავრობამ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილებისთვის გეგმა შეიმუშავა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილ ოჯახებს აქვთ ორი ალტერნატივა, ერთი თბილისში თავად მოიძიონ ბინა და 1კვ.მ 550 დოლარით დაუფინანსდებათ. ან, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და 2022 წლის ბოლოსთვის ისინი ახალი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნებიან. მანამდე კი, ქირის თანხას გადაუხდიან.
"2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა. განსახლების ძირითადი მიმართულება იყო დევნილთა მხრიდან ე.წ. მოკავებული ფართების დაკანონება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა. განსახლების საკითხის განხილვისას არსებითი ყურადღება არ იყო გამახვილებული ოჯახის წევრთა რაოდენობაზე. იყო შემთხვევები, რომ ოჯახს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, 9-10კვ.მ ფართი უკანონდებოდა, ასევე არ იყო შემუშავებული მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახის შერჩევა. ასევე 2012 წლამდე, განსახლების პროექტები ხორციელდებოდა უშუალოდ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსების გამოყენებით. ბიუჯეტი იყო საკმაოდ მწირი. 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამები - ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა; ე.წ. სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევდა შესასყიდ სახლს; დავიწყეთ მასშტაბური მშენებლობები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ფართებით უზრუნველყოფის მიზნით და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში 27 000 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.